გუშინ, 28 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ “ჰამასის” პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომელიც წლების მანძილზე სირიაში ბინადრობდა, გადავიდა ყატარში და ეგვიპტეში.
“ჰამასი” სუნიტური ორგანიზაციაა, მაგრამ პრაგმატული მოსაზრებების გამო ირანთან თანამშრომლობდა. ამის შედეგად, ღაზას სექტორი ირანის გავლენის სფეროში შედიოდა, თანაც იმ დონემდე, რომ ეგვიპტელი ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ ღაზას სახით “ეგვიპტე ირანს ესაზღვრება”.

“ჰამასის” პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ღაზა მეტისმეტად სარისკო ადგილსამყოფელია (ისრაელის შეიარაღებული ძალებისთვის ნამეტანი ხელმისაწვდომია), ამიტომ სხვაგან უწევთ მოღვაწეობა. აქამდე ასეთი ადგილი იყო სირია, რომლის მმართველი რეჟიმი ირანის სატელიტია. მაგრამ ასადის გემი იძირება და “ჰამასიც” ცვლილებების შესაბამისად მოქმედებს. მას შემდეგ, რაც სირიაში ასადის მმართველობა დამთავრდება, ირანი ვეღარ იქნება ძლიერი ძალა ლევანტის* რეგიონში. “ჰამასს” ახალი პატრონები სჭირდება. მაგალითად, არაბები და თურქეთი.
სირიიდან ყატარში და ეგვიპტეში გადასვლა ძალიან სიმბოლურია.
—————————————————————————————
* – სირია, ლიბანი, ისრაელი, პალესტინა, იორდანია.